საპროკურორო საბჭოს შექმნა
2015 წელს „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო - საპროკურორო საბჭო, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაკომპლექტდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით.
საპროკურორო საბჭოს შექმნის მიზანი იყო: პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, მისი მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფა, პროკურატურის ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრა და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა
საპროკურორო საბჭოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა: საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობისა და პარლამენტისთვის წინადადებით/ წარდგინებით მიმართვა, მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება
საპროკურორო საბჭოს შექმნა
2017 წელს განხორციელებულ ცვლილებებით, 2018 წლიდან საპროკურორო საბჭომ შეიძინა კონსტიტუციური ორგანოს სტატუსი. საპროკურორო საბჭოს ამ სტატუსით არსებობა წარმოადგენს პროკურატურის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას.
2018 წლიდან გაიზარდა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გახდა უფრო დაბალანსებული. არაპროკურორი წევრების შემადგენლობაში შედიან როგორც სამოქალაქო სექტორის, სამეცნიერო წრეების, ასევე ადვოკატის პროფესიისა და სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
2018 წლამდე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობდა იუსტიციის მინისტრი. 2018 წლიდან საბჭოს თავმჯდომარეს თავად საბჭოს წევრები ირჩევენ, რამაც გაზარდა საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობა.